“საბას” ჟიურიმ “გურული დღიურების” მკითხველს იმედები გაუცრუვა. გიორგი კეკელიძის საბოლოო შეფასება გურულ ჩანაწერებზე

0

7 სექტემბერს მუხრანბატონის სასახლეში წლის ლიტერატურული პრემიის – “საბას” დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა. ჟიურიმ გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოავლინა.

საზოგადოება წლევანდელ “საბაზე” რეალურად “გურული დღიურების” გამო თუ ლაპარაკობს.  ყველაზე მეტად ჟიურიმ იმედები გიორგი კეკელიძის ბესტსელერის მკითხველს გაუცრუვა. ესეების კრებული “გურული დღიურები” წლის განმავლობაში არა მხოლოდ მკითხველის, არამედ ლიტერატორების დიდ და დადებით შეფასებას იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, კეკელიძის ბესტსელერი გუშინ ლიტერატურული პრემიის -“საბას” გარეშე დარჩა, რამაც,  რა თქმა უნდა,  საზოგადოების მხრიდან აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია.

თავად ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გუშინდელი მოვლენისა და გულშემატკივრის პოზიციაზე გამოხმაურებას სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გურული დღიურების ამბავზე დავწერ და ამ წიგნს საბოლოოდ დავხურავ. დავწერ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი ამაზე პირადად მწერს და არა ღიად, რაც გასაგებია და მისაღები. ისევ მე ავიღებ თავზე. ცხადია, ეს არ და ვერ შეეხება საბას წლევანდელ დაჯილდოებას, რადგან კონკურსი კერძოა, თავისუფალი ნომინანტებთან ვალდებულებებისგან, ხშირად კვალიფიციური და საკუთარი აზრის მქონე ჟიურით, თუმცა შორი-ახლო ექო კია. მეც თავისუფალი ვარ და საკუთარი აზრის მქონე. ამიტომაც, ერთ პატარა სინდრომზე მოგითხრობთ. როცა ეს უწყინარი ესეების კრებული დავწერე, თითქმის ყველა პატივსაცემ ლიტერატორს (და ასე შემდეგ) გავუგზავნე, მათ გამომიგზავნეს ქების წერილები, გადაჭარბებულიც კი, რასაც მოჰყვა რამდენიმე რეცენზია და თემატური გადაცემა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთი შოუს წყალობით წიგნი იმაზე უფრო პოპულური გახდა, რისი ატანაც შესაძლებელია – გაუგებრად პოპულარული საგამომცემლო ბაზრისთვისაც კი. გამომცემლობის კონკრეტული პრობლემების გამო, ჰონორარი რეალურად არ ამიღია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამასობაში, ბაზარი ბრაზად იქცა სადღაც-სადღაც. მაი აფერი, ხდება ხოლმე. მერე? გოგომ წიგნთან სელფი გადაიღო? ,,შეიძლება გოგო ვარგა, მაგრამ წიგნი აღარ’’. ,,მაგას კეკელიძე მოსწონს, წიგნი კი არა” მე მგონია, რომ ეს სინდრომი დასაძლევია. რომ იცოდეთ რა ხერხებით დავდივარ სოფელ-სოფელ რომ ბიბლიოთეკები აღვადგინო, წიგნები და კომპიუტერები ვაყიდინო კერძო ბიზნესს – გაგეცინებათ. ეს ჩემი გზაა და ვიცი, რომ ამ გზამ აქამდე გაამართლა – აქ ‘გურულ დღიურებს’ ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ. მე ამ გზას გავაგრძელებ. ასე ვაკეთებდი, როცა სტუდენტობისას გაზეთი დავაფუძნე, მერე lib.ge, მერე ეროვნული ბიბლიოთეკის გამოწვევა და ა.შ. ვიღაცას შეუძლია ლანძღვა ან შური გააგრძელოს. ძალიან ზუსტად ვიცი ეს სივრცე, თითქმის ყველა წამკითხველის გაფიქრებაც კი. რას, იზამთ, მუხთალმა ცხოვრებამ ბევრჯერ გამომცადა.
ამას რომ ვწერდი, არ გვულისხმობდი იმ ხალხს, ვისაც ჩემი ნაწარმოებები, პოეზია თუ პროზა, რეალურად არ მოსწონს. ამას ხვდებით, მაგრამ მაინც დავძენ. ისე, მე ყველაზე უკეთ ვიცი ამ წიგნის ლიტერატურული ხარვეზიც და უპირატესობაც.
რადგან ესიესტიკას შევეხე და საბას დაჯილდოებას, განსაკუთრებით ვულოცავ ირაკლი მახარაძეს, ძალიან მაგარ ავტორს და ჩემს უფროს მეგობარს.
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მკითხველებს სიყვარულისთვის. მტრებს მადლობა მოტივაციისთვის მეთქი, რომ დავწერო – ყალბი იქნება, მათ მადლობებს მხოლოდ ფილმებში და პათეტიკურ მოხსენებებში უხდიან. მე ეს არ მჭირდება, მოტივაცია ისედაც მაქვს.
ნუ გეშინიათ წიგნების პოპულარობის, თუნდაც ძალიან შეგაძულოთ რამემ. ბოლო-ბოლო, ამ წიგნების ფურცლებმა, შეიძლება, სხვა წიგნების ფურცლებზე გადაიყვანოს ასე მონატრებული მკითხველი.
ვიცი, ბევრ თქვენგანს ამ ტექსტის მოწონების შეეშინდებსავით. დასაწყისშივე აღვნიშნე – ჩემთვის ეს გასაგებია და არგუმენტი მისაღები. წრე ვიწროა.
მე მხოლოდ ამ წრის გაფართოებას ვცდილობ. გურული დღიურები დახურულია”, – წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე  გიორგი კეკელიძე.

დაბოლოს, “გურული დღიურები” – ეს არის წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს, – ასე აფასებს გიორგი კეკელიძის ბესტსელერს თავად მკითხველი და არა მარტო…

 

ავტ. ნინი ზარდიაშვილი

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook