”თელასის” ახალი სამომხმარებლო ტარიფები

0

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ახალი ტარიფები დაადგინა. ტარიფები ამოქმედდება კომისიის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 101 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის ტარიფი იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 21.476 თ/კვტსთ. (ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის:
ძაბვის საფეხური: 35-110 კვ – 14.016 თ/კვტსთ;
3,3 – 6 -10 კვ – 15.276 თ/კვტსთ; 0.4 კვ კომერციული – 19.753 თ/კვტსთ;

ძაბვის საფეხურებზე ტარიფების სხვადასხვაგვარი ცვლილება განაპირობა ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების შემცირებამ და შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფის მატებამ. კერძოდ, ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი 35-110 კვ-ზე შემცირდა 1.095-ით და შეადგინა 0.705 თ/კვტსთ; 3,3-6.10 კვ-ზე შემცირდა 5.365-ით და შეადგინა 1.773 თ/კვტსთ, 0.4 კვ-ზე შემცირდა 2.513-ით და შეადგინა 5.567 თ/კვტსთ.
რაც შეეხება შესასყიდი ელექტროენერგიის ფასს, იგი გაიზარდა 5.693 -ით და შეადგინა 11.173 თ/კვტსთ.

სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დადგენდა 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე.
სს „თელასის“ ტარიფში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით კომისიამ სამი საჯარო განხილვა მოაწყო, სადაც დეტალურად იქნა განხილული ტარიფში შემავალი თითოეული კომპონენტი, სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომისიის აპარატის მიერ მომზადებული პროექტები. საჯარო შეხვედრებს ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, სს „თელასის“, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

კომისიის მიერ მომზადებული ყველა პროექტი განთავსებული იყო კომისიის ვებ-გვერდსა და კომისიის Facebook გვერდზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიაში ნებისმიერ პირს შეეძლო წინადადებების წარმოდგენა 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუმცა, კონკრეტული წინადადებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

Share.

About Author

Leave A Reply

}
Facebook