რა არის პარკინსონის დაავადება

2

პარკინსონის დაავადება მიეკუთვნება იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებსაც მოძრაობის დარღვევებს უწოდებენ. ეს არის თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიმპტომები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა რთულდება.

რა სიმპტომები ახასიათებს პარკინსონის დაავადებას?
დაავადების ძირითადი გამოვლინებაა მოძრაობის უნარის თანდათანობითი შეზღუდვა, რაც გამოიხატება სხეულისა და კიდურების მოძრაობების შენელებით, კუნთების დაჭიმულობის მომატებით, კანკალითა და წონასწორობის დარღვევით.
პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია ოთხი ძირითადი სიმპტომი:
1.მოსვენების კანკალი ( ტრემორი) — როცა ხელებისა და, უფრო იშვიათად, ფეხების კანკალი ძლიერდება კიდურის მოსვენებულ მდგომარეობაში და მცირდება ან ქრება მისი მოძრაობისას;
2.მოძრაობის სიმცირე და შენელება ( ჰიპო-ბრადიკინეზია) — როცა დაავადებული ადამიანის მოძრაობები შენელებულია, ხოლო მოძრაობების სიფართე ( ამპლიტუდა ) — შემცირებული.
3.კუნთების დაჭიმულობის მომატება ( კუნთების რიგიდობა ) — პარკინსონის დაავადების დროს ადამიანს კუნთები დაძაბული აქვს (რიგიდულია) მოსვენებულ მდგომარეობაში და თავის ან კიდურების პასიური მოძრაობისას მუდმივი წინააღმდეგობა შეიგრძნობა. კუნთების რიგიდობის მიზეზით დაავადებული მხრებში მოხრილ პოზას ღებულობს.
4.წონასწორობის დარღვევა ანუ პოსტერული არამდგრადობა — პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში წონასწორობის მოშლის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ე.წ. პროპულსიები ანუ დაავადებულ ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სიარულისას წინ რაღაცა ძალა ექაჩება. ამის გამო პაციენტი თავისდაუნებურად მიდის ჩქარი, მოკლე ნაბიჯებით და შესაძლოა წაიქცეს კიდეც.
გარდა ამ ოთხი ძირითადი კლინიკური ნიშნისა პარკინსონის დაავადებას ახასიათებს სხვა ნიშნებიც, მაგ.: ხმის ტემბრის შერბილება, სწრაფი ლაპარაკი, პირის ღრუში ნერწყვის ჭარბი რაოდენობა,ყაბზობა, გახშირებული შარდვა, დეპრესია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან დაავადებულებს შეიძლება ყველა არ განუვითარდეს.

რა იწვევს პარკინსონი დაავადებას?
მეცნიერები და მკვლევარები განუწყვეტლივ ინტენსიურად მუშაობენ, რათა დაადგინონ პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზები გენეტიკური და გარემოს ფაქტორების ჩათვლით.

გადაეცემა თუ არა პარკინსონის დაავადება მემკვიდრეობით?
პარკინსონის დაავადების შემთხვევათა უდიდეს უმრავლესობა მემკვიდრეობით ხასიათს ატარებს. პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანთა 15-25%-ს ჰყავს ამავე დაავადებით დაავადებული ნათესავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენს მშობელს აქვს პარკინსონის დაავადება, თქვენ უფრო მეტი რისკის ქვეშ ხართ დაავადებისა, ვიდრე სხვა ადამიანები.

გარემოს რომელი ფაქტორი შეიძლება იწვევდეს პარკინსონის დაავადებას?
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ პარკინსონის დაავადებას გარემოში არსებული გარკვეული ტოქსინები ან ადამიანის მიერ მიღებული ტრავმები იწვევს. დიდი ხანია ცნობილია,რომ მოკრივეთა შორის გვხვდება პარკინსონის დაავადების ძალიან მსგავსი მდგომარეობა, რომელიც თავის ხშირი ტრავმებით არის გამოწვეული. კვლევის შედეგად გამოვლენილია ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ დაავადების განვითარებათან, მაგ.: პარკინსონის დაავადება უფრო ხშირია მათ შორის, ვინც ცხოვრობს სოფლად, სასმელად ჭის წყალ მოიხმარს, სოფლის მეურნეობაში იყენებს პესტიციდებს და ჰერბიციდებს . პარკინსონის მსგავს დაავადებას იწვევს ნარკოტიკული ნივთიერება მფტპ (მეთილფენილტეტრაჰიდროპირიდინი), ამავე დაავადებისმაგვარ ძლიერ მძიმე მდგომარეობას იწვევს აგრეთვე კალიუმის პერმანგანატის (”მარგანცოვკა”) შემცველი კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება.

რა ემართება ტვინის უჯრედებს პარკინსონის დაავადების დროს? კიდურებისა და სხეულის მოძრაობა აკონტროლებს თავის ტვინის ერთი უბანი, რომელსაც შავი ნივთიერება ეწოდება. შავი ნივთიერების შემადგენლობაში შემავალი ნერვული უჯრედები შეიცავენ დიდი რაოდენობით რკინას ( რაც მათ მუქ შეფერილობას განაპირობებს ) და გამოიმუშავებენ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება დოფამინი. დოფამინის საშუალებით შავი ნივთიერების ნეირონები მოძრაობის მარეგულირებელ იმპულსებს გადასცემენ ტვინის სხვა უბნებს. ამის შედეგად ჯანმრთელ ადამიანს საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა სისწრაფის და სინატიფის მოძრაობის შესრულება შეუძლია. პარკინსონის დაავადება იწყება, როცა შავი ნივთიერების ნეირონები, მათში მიმდინარე რთული ქიმიური რეაქციების გამო, იწყებენ დაღუპვას. ის ფაქტორი, რომელიც უჯრედების დაღუპვას განაპირობებს, უცნობია და სხვადასხვა შემთხვევაში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. შავი ნივთირების დაღუპვა თავის ტვინში იწყება რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე დაავადება გამოვლინდება. პარკინსონის დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება მაშინ, როცა ნეირონების 80%-ზე მეტია დაღუპული.
შეიძლება თუ არა პარკინსონის დაავადება გამოიწვიოს თავის ტრავმამ ან ძლიერმა ემოციურმა სტრესმა?
ხშირად ადამიანი დაავადების დაწყებას უკავშირებს თავის ტრავმას, რაიმე დაავადებას, ქირურგიულ ოპერაციას, ემოციურ სტრესს. შავი ნივთიერების ნეირონების დაღუპვა სიმპტომების გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაავადება სტრესის ან ტრავმის მიზეზით განვითარდეს.
თუ ადამიანს პარკინსონის დაავადების სიმპტომები სხეულის მხოლოდ ცალ მხარეს აქვს, აუცილებელია თუ არა მათ მოიცვას სხეულის მეორე მხარეც?
პარკინსონის დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, თავაპირველად ვითარდება ერთ-ერთ კიდურში, ყველაზე ხშირად – მარჯვენა ხელში. შესაძლოა დაავადების გამოვლენა დაიწყოს გარდამავალი მოსვენების ტრემორით ან ხელი გახდეს მოუქნელი ( გაძნელდეს ნატიფი მოძრაობის შესრულება ).რამდენიმე თვის შემდეგ სიმპტომები იმავე მხარეს ფეხშიც ვლინდება, პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ სიარულისას ფეხს მიათრევს. ასეთი მდგომარობა საკმაოდ ხანგრძლივად ნარჩუნდება, მაგრამ ვინაიდან პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი დაავადებაა, სიმპტომები ადერე თუ გვიან მოიცავს სხეულის მეორე მხარესაც.

აუარსებს თუ არა სტრესი პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანის მდგომარეობას?
სტრესი არ იწვევს პარკინსონის დაავადებას, მაგრამ უკვე დაავადებული ადამიანისთვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სტრესი შესაძლოა სომპტომების ხანმოკლე გაუარესების მიზეზი იყოს.
რამდენად ხშირად გვხდება პარკინსონის დაავადება?
მსოფლიოში ყოველი 100 000 ადამიანიდან საშუალოდ 120-180 ადამიანია დაავადებული პარკინსონის დაავადებით. საქართველოში მისი გავრცელება შესწავლილი არ არის, თუმცა სხვადასხვა გამოკვლევების გათვალისწინებით, დაავადებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-ზე მეტი უნდა იყოს.

რა ასაკის ადამიანები ავადდებიან პარკინსონის დაავადებით?
პარკინსონის დაავადებით უმეტესწილად 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ავადდებიან, 40 წელზე ახალგაზრდა ადამიანთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1%-ს, ხოლო 30 წელზე უმცროს ასაკში ამ დაავადების განვითარება ძალზე იშვიათია.
როგორ ისმება პარკინსონის დაავადების დიაგნოზი?
პარკინსონის დაავადების დიაგნოზი ისმება ნევროლოგის მიერ დაავადების ისტორიის დაწვრილებითი მონაცემებისა და პაციენტის დეტალური ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემთა შეჯერების საფუძველზე.

შესაძლებელია თუ არა პარკინსონის დაავადების განკურნება?
მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც დაიცავდა შავი ნივთიერების ნეირონებს შემდგომი დაღუპვისგან და აღადგენდა მათ ანუ შეანელებდა, შეაჩერებდა ან უკუაქცევდა პარკინსონის დაავადების პროგრესირებას, დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით გამოკვლევები მუდმივად მიმდინარეობს და ამჟამადაც შემუშავების პროცესშია რამდენიმე ახალი წამალი.

როგორ მკურნალობენ პარკინსონის დაავადებას ?
ეს საკმაოდ რთული და ვრცელი საკითხია აქ გასარჩევად, ამიტომ განვიხილოთ მკურნალობის პრინციპები. მკურნალობა ხდება იმისათვის, რომ შევამციროთ დაავადების სიმპტომები, მივცეთ დაავადებულს (შესაძლებლობის ფარგლებში) მაქსიმალურად თავისუფლად მოძრაობისა და აქტიური ცხოვრების საშუალება. ამავე დროს, უნდა ვეცადოთ, რომ წამლების გვერდითი მოვლენები რაც შეიძლება უმნიშვნელო იყოს. აუცილებელია მკურნალობისადმი ინდივიდუალური მიდგომა.ექიმის მიერ წამლის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომზე, უნარშეზღუდულობის ხარისხზე, პაციენტის სამსახურზე და სურვილზე, პრეპარატების გვერდით მოვლენებზე.

შეიძლება თუ არა პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანმა მართოს ავტომობილი?
ეს არის ერთ-ერთი რთული საკითხი, რომლიც პაციენტისა და მისი ოჯახის წინაშე დგება. სახელმწიფოს არ აქვს რაიმე კანონი ამის შესახებ. პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანს გახანგრძლივებული აქვს რეაქციის დრო, პაციენტს გარკვეულ პერიოდებში მკვეეთრად გაძნელებული აქვს მოძრაობა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს აგრეთვე აზროვნების პროცესის შენელებას და მხედველობის საშუალებით საგნებს შორის მანძილის აღქმის დარღვევას. ძირითადი წესი შემდეგია: თუ პაციენტის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მანქანის მართვა მის მიერ შეიძლება არ იყოს უსაფრთხო, საჭიროა ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. კანონი არ ავალდებულებს ექიმს, რომ პარკინსონის დაავადების დიაგნოზის შესახებ შეატყობინოს პოლიციის შესაბამის ბიუროს, თუმცა მას შეუძლია დაჟინებით მოითხოვოს,რომ პაციენტმა გაიაროს ტესტი მანქანის მართვაზე.
შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება? .
ერთი ჭიქა ღვინის, ლუდის ან კოქტეილის დალევა დასაშვებია პარკინსონის დაავადების დროს თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობა ან იგი არ იღებს ისეთ წამალს, რომლის დროს ალკოჰოლი აკრძალულია. აუცილებელია ამ საკითხში ზომიერება.

საჭიროა თუ არა პარკინსონის დაავადების დროს ვარჯიში?

ვარჯიში აუმჯობესებს ძალას, გამძლეობას, კუნთების ტონუსს, მოქნილობას. პარკინსონის დაავადების დროს ვარჯიში აუცილებელია. ის პაციენტები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, თავს ბევრად უკეთ გრძნობენ. ყოველი ადამიანისთვის ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური ფორმა უნდა გამოინახოს.

ავტორი: ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერიტეტო კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ირინე ხატიაშვილი

Share.

About Author

2 Comments

  1. სტატია დასრულებული არაააა? თუ ბოლო კითხვაზე პასუხი ჩვენი მოსაფიქრებელია? ))))))

Leave A Reply

}
Facebook